საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული გ.ჭ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ჭ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა – 23 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის – ,,AK-47“, ,,AKC-47“, ,,AKM“, კარაბინისთვის ,,СКС“, ხელის ტყვიამფრქვევებისთვის ,,РПД“, ,,РПК“ და სხვა., რასაც 2018 წლის 31 აგვისტომდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.თბილისში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში.

სამართალდამცველებმა გ.ჭ. 2018 წლის 31 აგვისტოს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.