დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ბახტაძისა და თურნავას გადადგომას მოითხოვს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. მათი თანამდებობიდან  გადადგომის მოთხოვნის შესახებ განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფოთის პორტში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის შესახებ გავრცელდა ცნობა.

განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ გააკეთეს.

“კითხვები ნაკლებად მაქვს პრემიერთან. მხოლოდ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს, როდის გაათავისუფლებს ის ამ სავარძელს. დაიღალა უკვე საზოგადოება, მხოლოდ მას სიამოვნებს ეს სავარძელი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად კამათი დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო, რომელშიც მოგვიანებით ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო.

დეპუტატები დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. როგორც მოგვიანებით ყაველაშვილმა განმარტა, დაპირისპირება პირად საკითხს მოჰყვა.