“მთავრობები უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ ანალიტიკური ბაზა უნდა იყოს შენარჩუნებული”

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერმინისტრთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ანალიტიკური სამსახურით, პრემიერს გადაწყვეტილების მიღებაში. “შესაბამისად, დამატებით ძალაუფლებაზე საუბარი კორექტული არ არის. მას ანალიტიკური ფუნქცია აქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა “იმედი LIVE”-ის პირდაპირ ეთერში.

“სამწუხაროდ ჩვენ, უსაფრთხოების, უშიშროების საბჭოების რაღაც გამოცდილება გვაქვს, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აცერთმა ფორმამ არ გაამართლა. რა არის უსაფრთხოები საბჭო? ეს არის ორგანო სადაც უნდა იყოს დაგროვილი ანალიტიკური ცოდნა, ანალიტიკური მეხსიერება და ამის გაკეთების ერთადერთი საშუალება არსებობს მაშინ თუ ეს აპარატი არის სრულად აპოლიტიკური.

არ შეიძლება პოლიტიკურ ცვლილებებს მოსდევდეს უსაფრთხოების საბჭოს კარდინალური, სისტემური ცვლილებები. როგორც ნორმალური დემოკრატიების პირობებში მთავრობები უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ ანალიტიკური ბაზა უნდა იყოს შენარჩუნებული იმის მიუხედავად ვინ არის დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მმართველი პარტია. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკურ აპარატი და უნდა იყოს მცირე, მოქნილი ინსტრუმენტი პრემიერმინისტრის ხელში, რომელსაც ექნება საშუალება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება”, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ