არასამთავრობოები „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები –  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;  საზოგადოება და ბანკები;  მედიის განვითარების ფონდი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საფარი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი თბილისში 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს  სოლიდარობას უცხადებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლგბტ+-ის გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ.

არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია:

● სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

● გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება;

● ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება“ – ნათქვამია განცხადებაში.