“ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი ორპალატიანი პარლამენტის შექმნა იქნება”

ლევან ბოძაშვილი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

-ინიციატივა. სისტემური გამოსავალი სიტუაციიდან:

დავუკვირდეთ რატომ დგას პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. სხვაგვარად, სახელისუფლებო, ადინისტრაციული რესურსის პირობებში შეუძლებელია მმართველი პარტიისთვის უმრავლესობის “წართმევა” და ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან მაჟორიტარული სისტემა ყოველთვის იყო მმართველი ძალის საარჩევნო “ბონუსი”. ეს არის როგორც სისტემური, ისე პიროვნული ფორა. ამიტომაც, ამ სისტემის შეცვლა ყოველთვის შეეძლო ყველა მმართველ ძალას მაგრამ არასოდეს ცვლიდა. არის თუ არა ეს საკმარისი მიზეზი “პარტიული დისციპლინის” მენტალობის ქვეყანაში ინდივიდუალი პოლიტიკოსებისთვის მაჟორიტარული პოლიტიკის წარმოების ასაკრძალად? ვფიქრობ, რომ არა. პროპორციული არჩევნები დღეს სრულად და დიდი ხნით ჩაკეტავს პოლიტიკურ ველს ახალი სახეებისთვის და მონოპოლია დიდი ხნით იქნება ორ პარტიას შორის, იმ ორ პარტიას შორის რომელთაგან დღეს უკვე არც ერთს მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს.

თუ დავუშვებთ არგუმენტს, რომ პროპორციულისა და 3% -იანი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში 4-5 ან მეტი პარტია შევა, რაც ძალიან მეეჭვება, გამოვა, რომ ასეთ შემთხვევაში კოალიციური მთავრობა გარდაუვალია. აქ იბადება კითხვა, რომელი 4-5 პარტიაა დღეს საქართველოში ისეთი რომელთა მიერ ჩამოყალიბებული კოალიცია ამომრჩევლის უმრავლესობის ნების გამომხატველი იქნება? არც ერთი. იქნება კი ეს კოალიცია, რომც შედგეს, ეფექტური და არა მოკინკლავე მთავრობა? არა!

მაშ, რა არის გამოსავალი?

ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი, თუ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების გადაწყვეტილება მიღებული, იქნებოდა ორპალატიანი პარლამენტის შექმნა, რომლის ქვედა პალატა იქნება სრულად პროპორციული და მისი არჩევნები ჩატარდება შემოდგომასა ან გაზაფხულზე. ხოლო ზედა პალატა, დარჩებოდა მაჟორიტარული და მისი არჩევნები გაიმართებოდა ყოველი მომდევნო ორწლიანი ციკლის შემდეგ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად.

ყველა კითხვა, რომელიც ახლა წარმოგეშობათ, ბათილდება ზოგადად ამ სისტემის უამრავი დადებითი სისტემური მხარით. მთავარი აქ არის ის, რომ ეს სისტემა უზრუნველყოფს სოციალური და პოლიტიკური ტურბულენტობის არჩევნების გზით გადაწყვეტას და არა ქუჩის მანიფესტაციებით. დავაკვირდეთ, რომელიმე ხელისუფლება 1991 წლის შემდეგ მასიური მანიფესტაციების გარეშე შეიცვალა? არა. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება. ამ სისტემას გვთავაზობდა ვენეციის კომისიაც მუდამ. დაგვიჯერეთ და ყველა მოიგებს, ქვეყანა პირველ რიგში.

დღეს კი განსაკუთრებით, ეს არის ყველაზე სწორი და მართებული გრძელვადიანი გამოსავალი. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, მხოლოდ ძალაუფლების მიღება/შენარჩუნებაზე ფიქრობს. ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, მაგრამ არა ისე, რომ ქაოსი მივიღოთ. ტოტალური ძალაუფლება ჭამს მფლობელს. ნელ-ნელა, თუმცა ზოგჯერ უცბადაც ყლაპავს.