დავით ნარმანიას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერი დავით ნარმანია ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
როგორც ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ განაცხადა, ორი წლის წინ, როცა „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, თბილისის საზოგადოებას წარედგინა 41-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას აპირებდა და როგორ ხედავდა გუნდი დედაქალაქის განვითარების პერსპექტივებს. თბილისის მერის თქმით, პრობლემების მოგვარების 41 პუნქტი არ ყოფილა ტრადიციული წინასაარჩევნო დაპირებების ზოგადი ჩამონათვალი. ეს იყო თბილისის მოსახლეობასთან რამდენიმეთვიანი ურთიერთობების ერთგვარი რეზიუმე და პასუხი ყველა იმ კითხვასა და მოთხოვნაზე, რაც თბილისელებს წლების განმავლობაში აწუხებდა.
„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი ამ ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ დაპირებების გათვალისწინებით და მათი შესრულებისთვის მუშაობდა, ეს იყო ამოსავალი პრინციპი 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების შედგენის დროსაც _ გაგვეთვალისწინებინა და გაგვეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება თბილისელებს. ამიტომაც, დედაქალაქის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი მკვეთრად არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე. პრაქტიკულად გაორმაგებულია ყველა სახის სოციალური დახმარება, დამატებულია რამდენიმე ახალი პროგრამა. ჯანმრთელობის დაცვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებაზე, ქალაქის გამწვანებაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოებაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ყველა ის მწვავე საკითხი, რაზეც დღეს თბილისელები საუბრობენ, ხშირად რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა და მათ გადაჭრისთვის ისევ წლებია საჭირო.
„მით უფრო იმ პირობებში, როცა მთლიანად სტრუქტურაში დაგვხვდა აუწყობელი სისტემა და არ არსებობდა მართვის თანამედროვე, დემოკრატიული სტილი. უფრო სწორად, ყველაფერი აწყობილი იყო ერთი ადამიანის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი მიზანი იყო, ლოკალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, შეგვექმნა ქალაქის განვითარების გრძელვადიანი, სტაბილური სისტემა, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული პერსონების სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ამ ორ წელიწადში უნდა გამოჩენილიყო პრობლემების გადაწყვეტის და ქალაქის განვითარების ტენდენციები. ეს ტენდენციები თვალსაჩინოა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.