ზონალურ-საათობრივი პარკირება დედაქალაქის სხვა უბნებშიც გაგრძელდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი, წარმატებით განხორციელების შემდეგ, დედაქალაქის სხვა უბნებშიც გაგრძელდება

 კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის მიერ დადგმულ სპეციალურ პავილიონში შეუძლიათ.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, ადგილობრივებს კი საკუთარი ავტომობილების გაჩერება უფასოდ შეეძლებათ.

„მოგეხსენებათ, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომანქანების გაჩერება უფასო იქნება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პირველ რიგში, თავიანთი ავტომანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ. ეს მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელადაც. თუმცა, რადგან სიახლეა, საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება დედაქალაქის სხვა უბნებშიც მოხდება.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. შემდეგ, ეტაპობრივად, სხვადასხვა რაიონში, უბანშიც დავიწყებთ. ყველა განვითარებულ ქალაქში მსგავსი მიდგომაა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. გვინდა, რომ განვითარებული ქალაქების საუკეთესო მაგალითები ჩვენს ქალაქშიც გადმოვიტანოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.