ეკატერინე ტიკარაძე – „ფაიზერთან“ დაკავშირებით შევჯერდით ერთი მილიონი დოზის მოწოდებაზე, თუმცა ველოდებით დასტურს მოწოდების განრიგზე

„ფაიზერთან“ დაკავშირებით შევჯერდით ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს, რა განრიგი იქნება შემოთავაზებული დოზების მოწოდებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა მწარმოებლებთანაც.

„ფაიზერთან“ და სხვა მწარმოებლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. „ფაიზერთან“ მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმატით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა და სხვა ქვეყნებში ვაქცინებს მწარმოებლის მიხედვით არ არჩევენ.

„რაც შეეხება აცრას, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ. არანაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან, ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით, ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მათი მიდგომა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.