მინდა ყველა მხარეს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში დაგეგმონ თავისი პროტესტის გამოხატვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არავის მიეცემა უფლება, მშვიდობიანი მანიფესტაცია რაიმე საშუალებით დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი კახეთში გააკეთა, სადაც  საარჩევნო კანონმდებლობის განხილვა მიმდინარეობს.

„შსს-ს ასევე ევალება, რომ სადაც არსებობს შესაძლო დაპირისპირების, ფიზიკური კონფრონტაციის რისკები, იქ მიიღოს პრევენციული ზომები და არ დაუშვას დაპირისპირება. მინდა ყველა მხარეს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში დაგეგმონ თავისი პროტესტის გამოხატვა, ვინაიდან საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს უპირატესი ინტერესია უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ გარანტიებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუმცა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმაც:

„ჩვენ არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ვხედავთ დღეს არენაზე, რომელიც პატრიოტიზმის ეგიდით ცდილობს თავისი ზოგჯერ აგრესიული მოქმედებებიც გაამართლოს სწორედ ამ მოტივით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს პატრიოტიზმი, საქართველოს ინტერესები არის მშვიდობიანი განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის უზურუნველყოფა. თუ ვინმეს სხვანაირად ესმის თავისი ქვეყნისთვის თავდადება და თავისუფლების იდეის დაცვა ან პატრიოტიზმი, ვურჩევ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ ფილოსოფიას. თუ არა და ამ ფილოსოფიას გადახედავს საზოგადოება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.