“დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები” – ოპოზიცია ოქრუაშვილის დაკავებას ეხმიანება

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე კემულარია მისი გუნდის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურებად და ამ ფაქტს პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს. განცხადება კემულარიამ პარტიის ოფისში გააკეთა, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიის წამროამდგენლებიც შეიკრიბნენ.

კოტე კემულარია ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების მიზეზად  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს ასახელებს.

„ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, რომ თურმე არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით. მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია “რუსთავი 2”-ის აქციების ასი პროცენტი, ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით,“- განაცხადა კემულარიამ.

ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი პარტიის ოფისში საგანგებოდ შეიკრიბნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას აანონსებს. მისი განცხადებით, ოქრუაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით  არ დაუგეგმია და მონაწილეობა მასში არ მიუღია. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია და ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ,“- განაცხადა ვაშაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების ფაქტს ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობად აფასებს. გუგავა დარწმუნებულია, რომ ოქრუაშვილის დაკავება “რუსთავი 2”-ის მესაკუთრეობის საკითხთან არის კავშირში.

„პოლიტიკური მოწინააღმდეგის, პოლიტიკური ოპონენტის უსაფუძვლო ბრალდებებით დაპატიმრება არის მცდელობა კრემლიდან დანიშნულ მეფისნაცვალმა ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა. მცდელობაა, რა თქმა უნდა, ეს ვერ გაუვა. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას არანაირი რეალური საფუძველი არ უდევს, გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით დასტურდება მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა “რუსთავი 2”-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან მალე, ხოლო ივანიშვილი და მისი ბანდა, მიეცემა პასუხისგებაში იმ გამყიდველურიქმედებების გამო, რომელსაც ის ქვეყნისა და ხალხის წინაშე სჩადის,“- განაცხადა გუგავამ.