“თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, მაშინ ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს”

დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც გააკრიტიკა და მას “უპასუხისმგებლო” უწოდა.

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს ანაკლიის პროექტთან აკავშირებს. მისი განცხადებით, “თუ საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა აერევა, მაშინ ანაკლიის პორტი კი არა, ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს”. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის ფარგლებში განუცხადა.

“დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება ორგანულად არის კავშირში ამ საკითხთან, ვინაიდან თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, მაშინ ანაკლიის პორტის კი არა, ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს. ვინაიდან, ასეთ პროექტებს მხოლოდ მაშინ აქვთ დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთების გამტარი ვართ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.