გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

ნიკა გვარამიას საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქმის, 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. გირაოს გადასახდელად გვარამიას ერთთვიანი ვადა აქვს, თუმცა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე აეკრძალა. მოსამართლის აზრით, არსებობს საფრთხე რომ ნიკა გვარამიამ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, გადაიხდის თუ არა დაკისრებულ გირაოს.

გვარამია სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.