ცესკომ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ღუღუნიშვილი დაარეგისტრირა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის გლდანში, მე-20 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატად ბიზნესმენი თამაზ ღუღუნიშვილი დაარეგისტრირა. თამაზ ღუღუნიშვილი, არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს“ სახელით მიიღებს. როგორც თამაზ ღუღუნიშვილი აცხადებს, სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, არ გასცემს ცრუ, უტოპიურ დაპირებებს. ის აცხადებს, რომ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეა.

„ეს აუცილებლად მიმაჩნია საშინაო და საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად, განსაკუთრებით კი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელი წინაპირობაა ეროვნული ერთობა. მის გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. მე ვითანამშრომლებ ყველა იმ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მზად არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარება დაუმორჩილოს ეროვნული ერთობის დიდ მიზნებს და ინტერესებს. პრაგმატული აზროვნება სტრატეგიული ხედვა, აი რა სჭირდება სახელმწიფოებრივ მშენებლობას უპირველესად. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია მძლავრი და მუდმივად განვითარებადი ეკონომიკის შექმნა. მის გარეშე ვერც სოცილურ პრობლემებს გადავჭრით. ამ მიზნით, შემუშავებული მაქვს ქვეყნის ცალკეული რეგიონების სოციალ-ეკონომიკური განვითარების ვრცელი და სტრატეგიული გეგმა“ – აცხადებს თამაზ ღუღუნიშვილი.

კომენტარის დატოვება