“სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტი იმიტომ გადაიტანა, რომ იყო აქციები, და მას ეს არ მოსწონდა”

ზვიად ძიძიგური: ყველას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია  არ დაირღვეს კანონი

 

„ჩვენ ქუთაისიდან პარლამენტი დავაბრუნეთ თბილისში. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტი იმიტომ გადაიტანა, რომ პარლამენტის წინ იყო საპროტესტო აქციები, პოლიტიკური აქტივობები და მას ეს არ მოსწონდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნორმალური პოლიტიკური მოვლენაა. მათ შორის, პარლამენტის წინაც, პარლამენტის შენობაშიც. უბრალოდ, კანონი არ უნდა დაირღვეს, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში.

 

ზვიად ძიძიგურის თქმით, პროტესტის იმ ფორმას, რომელსაც დღეს სხდომათა დარბაზში ოპოზიციამ მიმართა, საზოგადოება და ამომრჩეველი სათანადოდ და ადეკვატურად შეაფასებს.

 

„რაც შეეხება იმას, რომ დეპუტატები სტვენით ახერხებენ მხოლოდ პროტესტის დაფიქსირებას, არა მგონია ეს მათი იმიჯისთვის კარგი იყოს. ყველას, ვისაც უნდა დაუსტვინოს,  ვისაც უნდა იყვიროს და მუშტები აბრახუნოს, ამის აკრძალვა კონსტიტუციაში არსად არ წერია, მაგრამ ამომრჩეველმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს ეს რამდენად ცივილური ფორმაა“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

ვიცე- სპიკერმა 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დაშავებულ ახალგაზრდებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა,  რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებები ქვეყნის უსაფრთხოებით იყო განპირობებული.

 

„ჩვენ ვნახეთ ძალადობით შენონებში შეჭრა. ასეთი პრეცედენტები იყო და ამას სიკეთე არავისთვის არ მოუტანია და ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ. ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით და არჩევნებთან დაკავშირებითაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ვისაც აქვს იმის უნარი, დაელაპარაკოს, მიიზიდოს და თავის სისწორეში დაარწმუნოს ამომრჩეველი, 2020 წლის არჩევნებში ნულოვანი ბარიერის პირობებში შეეძლება გააგრძელოს თავის საქმიანობა“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.