მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, ახალ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. შეუძლებელია თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად ოპონენტები აყენებენ პარლამენტში შემოსვლას, რაც მხოლოდ მათ ხელშია, და ნიკა მელიას საკითხს, რაც ასევე მხოლოდ მის ხელშია. ამ არგუმენტებით და ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა საკითხებზე არ უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდზე და ამის გამო ეს დიალოგი ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში საპარლამენტო უმრავლესობა ყველა საკითხთან დაკავშირებით და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული წინადადებები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს ეს საკითხები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს არ ეყო გამბედაობა, ეთქვა თავისი მხარდამჭერებისთვის სიმართლე – რომ შეუძლებელია სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული წინადადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. შეუძლებელია თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად ოპონენტები აყენებენ პარლამენტში შემოსვლას, რაც მხოლოდ მათ ხელშია, და ნიკა მელიას საკითხს, რაც ასევე მხოლოდ მის ხელშია. ამ არგუმენტებით და ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა საკითხებზე არ უნდა ვიმუშაოთ. დღეს ასევე ვიმსჯელეთ პანდემიაზე, რეგულაციებზე, ვაქცინაციაზე, პოსტპანდემიური აღდგენის გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროინტეგრაციის საკითხები, ენერგოდამოუკიდებლობა. ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არ უნდა დარჩეს მეორე პლანზე ამ გამოგონილი კრიზისის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.