27 წლის ექთნის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სოფელში გადაასვენეს, მას სამშაბათს დაკრძალავენ

„მეცხრე არხი ახალციხე”-ს  ინფორმაციით,  27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში მიასვენეს.

ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებულ გართულებაზე ახალციხის კლინიკა “იმედში” არასწორად უმკურნალეს.

„ახლა ველოდებით ადვოკატს, რომელმაც გვითხრა რომ დღესვე ჩამოვა და შევთანმდებით დეტალებზე. ექსპერტიზა აქვე ჩაუტარდება. დღეს საღამოს ჩამოვა მეგის დედაც, რომელიც იტალიაში ემიგრანტია”, – განაცხადა tv9news.ge-სთან გარდაცვლილის მაზლმა მალხაზ კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თნამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დატოვებდნენ.

„იმედის” კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს.100-120%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. ვფიქრობ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც არაფერი, არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო”,- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

27 წლის ექთანს სამშაბათს, 23 მარტს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.