შსს-ში „სისტემური განახლების“ პროცესი მიმდინარეობს…

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს უსმენენ. ის დეპუტატებს შსს-ში არსებულ სიახლეებს, რეფორმებს აცნობს და ასევე წარუდგენს მომავალში დაგეგმილ სიალხეებს.

როგორც გომელაურმა დეპუტატებს უთხრა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი.

„ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა. სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, პრიორიტეტულია საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას. „საგამოძიებო სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა. რაც შეეხება საგამოძიებო სისტემის რეფორმას, ის მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. უპირველეს ყოვლისა, კრიმინალურ პოლიციაში მიმართულებების გამიჯვნის პარალელურად, უნდა გაიზარდოს არსებულ გამომძიებელთა კვალიფიკაცია და სისტემაში ინტენსიურად მოხდეს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და მათი პროფესიული მომზადება… რეფორმის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გამოძიების ხარისხის ამაღლება, საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს პარლამენტში ასევე მოუსმენენ იუსტიციის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს.

6 სექტემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გადაინაცვლებს, 8 სექტემბერს კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის ახალ მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ.

ახალმა პრემიერმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები გაატარა.

https://www.gmtv.ge/63493-2/