“საქართველოს საკითხი ყოველთვის უნდა იდგეს ევროპარლამენტის დღის წესრიგში”

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს რეგიონში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების თემატიკა მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს. აღინიშნა, რომ ევროპარლამენტს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის პრაქტიკა არსებობს და  არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით მხარეებმა მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაზე გიგი წერეთელმა ევროპარლამენტარს ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ყურადღება უკრაინის კრიზისზე გაამახვილა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან რეფორმების მხარდაჭერისა და რეალიზაციის თვალსაზრისით აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე კლარა დობრევს დეტალური ინფორმაცია გავაცანი და „ბორდერიზაციის“, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე, საქართველოს მიმართ განხორციელებულ რუსეთის ანექსიის პოლიტიკაზე ვესაუბრე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის უნდა იდგეს ევროპარლამენტის დღის წესრიგში, რადგან როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო პრინციპების დარღვევას, უსაფრთხოების და ოკუპაციის საკითხებს, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ეს დარტყმა თავის თავზე მიიღო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.