ღარიბაშვილის კრიტიკა და ჯაფარიძის პასუხი…

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის საფრთხეს უქმნის “სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას”.

“ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია იყო, ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების “ნაცმოძრაობის” და მათთან აფილირებული წევრის ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც ყოვლად დაუშვებელია.

არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალური ქსელით უკვე გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე.

“ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო. 8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან”, – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, „გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს. ორგანიზაციის მიზანი იმ ახლგაზარდების დახმარებაა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.