საქართველო, როგორც ქსელის თავმჯდომარე ქვეყნა

გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით ქ. ერევანში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის წლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

 27 სექტემბერს ქალაქ ერევანში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის წლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს, როგორც ქსელის თავმჯდომარე ქვეყნის, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს ერთი წლის მანძილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ქსელის წევრების მიერ ანგარიში მაღალ დონეზე იქნა შეფასებული და ქსელის ფარგლებში მიღწეული შედეგების კუთხით, ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის აპარატის წვლილს.

ქართული მხარის მიერ გაკეთდა ქსელის ერთობლივი ვებგვერდის პრეზენტაცია და მხარეების მიერ მიღებული იქნა თბილისის მემორანდუმის ფარგლებში რეგიონალური თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი. შეხვედრაზე განხილული იქნა 2019-2020 წლის პირველი ნახევრის სამოქმედო გეგმა.

2019 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის აპარატს ქსელის თავმჯდომარეობის ერთწლიანი ვადა იწურება, შესაბამისად, განხილული იქნა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ქსელის თავმჯდომარედ ნომინირებული იქნა სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატი, მისი ხელმძღვანელის ტიგრან გალსტიანის თაოსნობით. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ნომინირებულ კანდიდატს, რომელიც თავმჯდომარეობას განახორციელებს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, 2018 წლის სექტემბერში თბილისის მემორანდუმის საფუძველზე. ქსელი აერთიანებს საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) .