„როგორც მოქალაქესა და ყოფილ პრემიერს, აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკური პოზიცია მექნება“

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი “მთავარ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, კვირიკაშვლმა პირველად დაარღვია დუმილი და

“ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გააკრიტიკა.

“აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და თუ გნებავთ, პოლიტიკური პოზიცია მექნება. რაც გამოიხატება იმაში, რომ რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაცა შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნისს, რაც მოხდა ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაცა, შესაძლოა, კიდევ მოხდეს მომავლში და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამდებობა იმიტომ არ დაუტოვებია და პოლიტიკაში იმიტომ არ ბრუნდება, რომ აშანტაჟებენ. ყოფილი პრემიერის თქმით, “ის დაშანტაჟებულ კაცს არ ჰგავს“.

კვირიკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებლია.

“ეს ისტორია და ზღაპრები, რომ თითქოს, მე და მამუკა ხაზარაძე წელიწად-ნახევრის წინ რაღაცებს ვაპირებდით, ეს არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების მიერ, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ, მათი მოგონილი და დაწერილია ეს ზღაპარი. ამაში ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არა თუ დაიჯერა, არამედ მთელი თავისი მოქმედებები ააწყო ამ მითებზე“,- ამბობს ყოფილი პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია, რაზეც პასუხისმგებელი “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია.