SOS: დიდი დიღომი შველას ითხოვს! – ღია წერილი

დიდი დიღმის მოსახლეობის სახელით ღია წერილი გავრცელდა:

ღია წერილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას
გენერალურ პროკურორს შოთა თადუმაძეს
ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს
ასლი: თავისუფალ მედიას

SOS: დიდი დიღომი შველას ითხოვს!

წარმოგიდგენთ საგანგაშო ფაქტებს და გთხოვთ თანადგომას – სამართლიანსასწრაფო გადაწყვეტილებას.
გიგანტურ მშენებლობათა ქაოსურმა ბუმმა კორპუსებით გაჯერებულ დასახლებად აქცია
დედაქალაქის მრავალი უბანი. მიჯრით კორპუსების მშენებლობას ეწირება დიდი დიღმის მთელი მწვანე სივრცე: ბაღები, პარკები, სკვერები…წარმოდგენილი რუკა – „დიდი დიღომი“, ხუთი გვირგვინოსანი მეფის, ორი დიდი
ფილოსოფოსის, გენიალური ვეფხისტყაოსნისა და მისი გმირების სახელობის ქუჩების და
სამი ტაძრის – ცამეტი ასურელი მამის, ყოველთა ქართველთა წმინდანთა და წმ. ასი ათას
მოწამეთა – ვითარებას ასახავს.

დიდ დიღომი იწყება ფარნავაზ მეფის გამზირით, რომლის დამამშვენებელ პარკსა და სკვერს რკინა-ბეტონის ნაგებობებით დაფარვა ემუქრება, ხოლო გამზირის არქიტექტურულ იერსახეს – სრული დამახინჯება (იხ. ფოტო-სურათები).

იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული ქართული ანბანის მადიდებელი ანსამბლი და სკვერი სავალალო მდგომარეობაშია: ანსამბლი ოთხსართულიანი ბეტონის კარკასით არის დაფარული!

რაც შეეხება დიდი დიღმის ერთადერთ პარკს – 1984 წელს დამტკიცებული გეგმის მიხედვით (იხ. ასლი) 5 ჰექტარ ფართობზე 44 სახეობის ხე-მცენარეებით დამშვენდა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში მოსახლეობის დაუკითხავად ნაწილ-ნაწილ გაიყიდა…

ცნობისათვის: დედაქალაქში პროსპექტების დაგეგმარების ნიმუშად აღიარებული რუსთაველის, აღმაშენებლის და ჭავჭავაძის გამზირები, ორ-ორი ბაღით (პარკით), მრავალი სკვერითა და ხეივნითაა დამშვენებული.
ამ დროს, დიდი დიღმის, ანუ ფარნავაზ მეფის გამზირის ერთადერთი ზემოაღნიშნული პარკისა და მისი შემადგენელი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების გადარჩენილ სივრცეში დაიწყეს ახალი გიგანტური კორპუსის მშენებლობა, რაც გენგეგმით დამტკიცებული რეკრეაციული ზონის განადგურება და მოსახლეობით ქუთაისის ტოლფარდი დიდი დიღმის მცხოვრებთა სასიცოცხლო ინტერესების აბუჩად აგდებაა.

დიახ, ის სწორედაც ერთადერთი პარკია, რომელიც არამხოლოდ ფარნავაზის გამზირის, არამედ ზემოაღნიშნულ რუკაზე წარმოდგენილი ყველა ქუჩის მცხოვრებთა (მათ შორის ზემოაღნიშნულ და სხვა ეკლესიათა მრევლის) მოთხოვნებს ემსახურება.
1
ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გაერთიანებული ძალისხმევით აღვკვეთოთ დედაქალაქის
ბაღთა, პარკთა, სკვერთა თუ ხეივანთა განადგურების ხარჯზე (როგორც ეს ვაკეში,
საცურაო აუზის, ხოლო საბურთალოში სპორტის სასახლის გარშემო მოხდა), რკინაბეტონის ცათამბჯენთა დადგმის მოთავეთა თავგასულობა!

თბილისის მერიისა და საკრებულოს სახელზე დაწერილ საგანგაშო განცხადებებს, ასევე SOS რუბრიკით, გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“ (№11, 28.03.2018) გამოქვეყნებულ, ხოლო შემდეგ ქალაქის მერისადმი წარდგენოლ მიმართვას (№19/ 011809323–01; 03.04.2018), რომელსაც ხელს აწერდა 167 პიროვნება, აგრეთვე საპროტესტო აქციებსა და მერიისადმი გაგზავნილ მრავალ წერილს (იანვარი – ივლისი, 2019) შედეგი არ მოჰყოლია.

იურიდიული ასპექტით პრობლემა ეხება მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს. კონსტიტუციის ძალით ხელისუფლების წყარო არის ხალხი და თუ ეს დებულება ფიქცია არ არის, მოგმართავთ დიდ დიღომში მცხოვრები 200 ათასი მოქალაქის სახელითა და ნებით, რათა აღიკვეთოს უკანონობა და უსამართლობა;
სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქის ინტერესთა ბალანსს და ხელისუფლების უმთავრესი მოვალეობაა მისი დაცვა, რომელიც დიდ დიღომსა თუ დედაქალაქის სხვა უბნების რეკრეაციულ ზონებში მშენებლობებით აშკარად ირღვევა!

ყოველივე ზემოთქმულის გამო მოვითხოვთ:
• დიდ დიღომში – ფარნავაზ მეფის გამზირის ერთადერთი 5 ჰექტარი ფართობის პარკის გადარჩენილ სივრცეში (სიგრძე-სიგანე 170×110 მეტრი) უკანონოდ დაგეგმილი და 2019 წლის 1 ოქტომბერს დაწყებული გიგანტური კორპუსის მშენებლობის გაუქმებას;

ასევე მოვითხოვთ:
• იქვე მოქმედი ავტოსაწარმოს გადატანას;
• ოთხსართულიანი ბეტონის კარკასების დაშლა-გატანას, რომელმაც დაფარა გამზირის დასაწყისში არსებული ქართული ანბანის ანსამბლი და სკვერი;
• ალტერნატიული პროექტებისა და საქმიან წინადადებათა განხორციელებას. ალტერნატიული პროექტები და საქმიანი წინადადებები ასეთია:

1. პარკის გადარჩენილ სივრცეს დაეკისროს ახლებური, ყველა ასაკის მოქალაქეთა გამაერთიანებელი ანუ დასასვენებელი, სასეირნო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ფუნქცია. დღეს აქ მხოლოდ 15 სკამია, ჩვენი პროექტის მიხედვით უნდა დაიდგას 3–ჯერ მეტი; ასევე უნდა განახლდეს და გამრავალფეროვნდეს ბაღნარი და მისი შემადგენელი კალათბურთისა და ფეხბურთის იავარქმნილი მოედნები;

2. დიდ დიღომში ბავშვები (ასაკი 1–12 წელი) კორპუსების გარშემო თამაშობენ, რადგან ატრაქციონები და სათამაშო მოედნები იმდენად ცოტაა, რომ ვერ იტევს ბავშვების მომრავლებულ ნაკადს; ყმაწვილების (ასაკი 13–19 წელი) შესახებაც იგივე ითქმის; უფრო მეტიც, უგულებელყოფილია ახალგაზრდობის (20–44 წელი), შუახანის (45–59 წელი), ჭარმაგთა (60–74 წელი), ხანდაზმულთა (75–89 წელი) და დღეგრძელთა (90
წელი და მეტი) ინტერესები და მოთხოვნები;

3. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის საშუალებად მიგვაჩნია დიდი დიღმის გადარჩენილი რეკრეაციული ზონების გამაერთიანებელი ტერენკური, ანუ კეთილმოწყობილი სასეირნო-საფეხმავლო ბილიკების ქსელი, რომლებიც უნდა დაამშვენონ ხალხური და კლასიკური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებმა;

4. დენდრო გეგმით გათვალისწინებული, მაგრამ არშემდგარი შადრევნისა და სარწყავი სისტემის ადგილას უნდა დაიდგას გლობუსი – ”პლანეტა დედამიწა“, მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშით დამშვენებული (დიამეტრი – 9 მ.; კვარცხლბეკის სიმაღლე 5 მ, დიამეტრი 7 მ; იხ. მაკეტი); გლობუსის შიგა სივრცის თემატიკა იქნება ქართული,
ხოლო შინაარსით საერთაშორისო საინფორმაციო–საკომუნიკაციო ცენტრი;

5. გლობუსისა და ტერენკურის თემატიკა დიდი დიღმის რეალურ სივრცეში ოთხი მიმართულებით განვითარდება: ერთი მარშრუტი აღმოსავლეთით, მოხერხებული გადასასვლელებით მდინარე მტკვრის ორ ტოტს შორის არსებულ კუნძულს დაუკავშირდება. იქვე შესაძლებელია დასასვენებელი პარკისა და აბრეშუმის გზის სამდინარო სადგურის მოწყობა; მეორე მარშრუტი ფეხით თუ ცხენით მოგზაურებს თრიალეთის მთებში – დიდგორის, ხოლო მესამე-მეოთხე – მთაწმინდისა და მცხეთის მიმართულებით გაიყვანს (იხ. სქემატური რუკები).

ველით თქვენს თანადგომასა და სამართლიან-სასწრაფო გადაწყვეტილებას!

დიდი დიღმის მოსახლეობის სახელით:

ჯუმბერ აბრამია – ინჟინერი, მებაღე; შახვალად აივაზოვი – ჟურნალისტი; მარინე აკობია
– ინჟინერი; ბახვა ბარბაქაძე – პენსიონერი; ელბერდ ბატიაშვილი – პოლიტოლოგი,
პროფესორი; თედო გორგოძე – კარტოგრაფი; ნინო ზურაშვილი – ეკონომისტი,
ეკონომიკის დოქტორი; მერი ისაევი – პოლიგრაფისტი; ვალერი ლობჟანიძე –
ტექნოლოგი, პროფესორი; რაულ მამალაძე – ეზოთერიკოსი; გვანჯი მანია –
ჟურნალისტი, ეკოლოგი; ვახტანგ მაღრაძე – ენათმეცნიერი, პროფესორი; ქეთევან
მგალობლიშვილი – გეოგრაფი; პაატა მოისწრაფიშვილი – მხატვარი, კომპოზიტორი;
დავით მორგოშია – ინჟინერი, ეკოლოგი; გურამ ოთხოზორია – ისტორიკოსი, მღვდელი;
გოგი სარაჯიშვილი – მათემატიკოსი, მეცნიერების ისტორიკოსი; ლევ სარქისოვი –
ალპინისტი, რეკორდსმენი; თამარ ფარჩუკიძე – ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი; ჟანა
ქოიავა – ჟურნალისტი; ჯემალ შელია – იურისტი; ავთანდილ ჩხიკვაძე – ეკოლოგი,
ბიოლოგიის დოქტორი; მარატ ციცქიშვილი – ეკოლოგი, პროფესორი; ნათელა ჭოლოკავა
– ტელე-რადიო ინჟინერი; სიმონ ჯაფარიძე – პოეტი, მხატვარი.

საკ/ტელ: 598 291 313; 593 512 747

ელ.ფოსტა: nini.zurashvili29@gmail.com
giorgiunion@gmail.com

ფოტომასალა

file:///C:/Users/User/Downloads/დიდი-დიღომი-ღია-წერილი.pdf