აუცილებელია ეროვნული პოლიტიკისა და ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი

-არ არსებობენ ბავშვები – არსებობენ ადამიანები” იანუშ კორჩაკი.

ქვეყნისა და სახელმწიფოს სახე კარგად ჩანს პატიმრებში,ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებში და ბავშვებში.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ.
სკოლამდელი დაწესებულება მათთვის ახალი შემეცნების სამყარო ხდება,თანატოლებთან კონტაქტი და კომუნიკაცია კი განვითარების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლამდელ დაწესებულებაში მიღებული ინფორმაცია და უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის სასკოლო მზაობას.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა თუ სკოლის პირდაპირი ფუნქცია განათლების უფლებას უკავშირდება, რომელიც, კონვენციის 29-ე მუხლის მიხედვით, უნდა ემსახურებოდეს:

თითოეული ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების მაქსიმალურ განვითარებას;
ბავშვის მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას;
საკუთარი და განსხვავებული კულტურის, ენის, ფასეულობების პატივისცემას;
უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული მომზადება ამასთან დაკავშირებით განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე, „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი შეიმუშავა რომელშიც ერთ–ერთი პირველი სწორედ პედაგოგის განათლების საკითხია.

✔️ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო აქტივობები – თამაში არის ბავშვის ბუნებრივი ქცევა, პატარა ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება თამაშით და თამაშის დროს.
თამაში ასწავლის ბავშვს ურთიერთობებს, ყურადღებას, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას, ანვითარებს მეტყველებას.
თამაშით მიღებული ცოდნა ყველაზე მდგრადია.
✔️უსაფრთხო გარემო – გარემოს უსაფრთხოდ მოწყობის პრინციპები მოიცავს შენობა ნაგებობაში მოსაპირკეთებელი მასალის ხარისხს,იატაკის ხარისხს,მოწყობილობებისა და ავეჯის ხარისხს; საევაკუაციო გასასვლელების სწორად დაგეგმარებას.
სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების გარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სათამაშო, გასართობ ან სპორტული აქტივობებისათვის განკუთვნილ მოედანს.
ეზოში მოწყობილი სათამაშო მოედნები აუცილებელია ბავშვის მოძრაობების, კოორდინაციისა და შეგრძნებების განვითარებისთვის.
სხვადასხვა მასალასთან (ქვიშა, ხე, ქვა) შეხებისას ბავშვი იძენს მრავალფეროვან შეგრძნებით გამოცდილებას.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებლების გარემოს შეფასების ამერიკული სტანდარტის მიხედვით (Harms, Clifford, Cryer, 2005) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვის 8-საათიანი ყოფნის შემთხვევაში აუცილებელია, რომ მსხვილი მოტორიკის აქტივობებს სულ მცირე ერთი საათი ეთმობოდეს; დადგენილია, რომ სათამაშო მოედნებზე ბავშვის ტრავმირების შემთხვევები ძალზედ ხშირია ამიტომ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დაცული უნდა იყოს სათამაშო მოედნის მოწყობის შემდეგი პრინციპები: მოედანზე არ უნდა მოხვდეს ბასრი საგნები – მეტალის ნარჩენები, კაუჭები; დანადგარის არც ერთი ნაწილი არ უნდა იყოს მოშვებული ან გატეხილი, ყოველი მათგანი ზედმიწევნით უნდა იყოს დამაგრებული, პლასტმასსა და ხეს არ უნდა ემჩნეოდეს ცვეთისა და მტვრევადობის ნიშნები; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სათამაშო ქვიშის ყუთს – რეგულარულად უნდა შეამოწმოთ, ხომ არ არის ქვიშაში მინის ნატეხები, ბასრი ჯოხები ან მეტალის ნაჭრები და სხვა.

გარდა ზემოთ ხსენებულისა ჩვენი რეალობისათვის მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები:

✔️მშობლებისა და აღმზრდელების მიერ ბავშვის განვითარებისათვის ადრეულ ასაკში განათლების განსაკუთრებული შემეცნებითი მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერება.

✔️ადრეული ასაკის ბავშვების განათლების სფეროს მეტი და უფრო მიზნობრივი საჯარო დაფინანსება, არაფორმალური და სათემო შესაძლებლობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ღარიბ ბავშვებზე, სოფლად მცხოვრებ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე.

✔️იმ ბარიერების უკეთ გაცნობიერება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ხელს უშლის სკოლამდელ განათლებაში ჩართულობაში. აუცილებელია ეროვნული პოლიტიკისა და ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება და ამ გზით უთანასწორობის აღმოფხვრა.