„აბრეშუმის გზის ფორუმი“ იწყება

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნება.  ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია და ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი.

აბრეშუმის გზის ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

გახსნით პანელს „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მოდერაციას ნოურიელ რუბინი გაუწევს. ამ პანელში მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი, რომელიც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია

პანელს „მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას კი BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს.

სამინისტროს ინფრომაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მესამედ გაიმართება. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა“ და „რედისონში“ გაიმართება.