საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს.

 

”  მე პირადად  ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება თავმდაბლად და მორიდებულად ვიყო, არ შევახსენო ხშირად მოსახლეობას ამის შესახებ და არ დავამადლო იმ ხალხს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ ამ პროექტის წყალობით. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელობას და ფუძემდებლობას. გავეცანი ბოკერიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2012 წელს უკვე გადაწყვეტილი  და მიღწეული ჰქონდა საქართველოს მაშინდელ მთავრობას ეს მზაობა და შედეგი. შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის მედიკამენტი  ასპარეზზე გამოვიდა 2013 წლის ბოლოს. 2012 წელს რამდენიმე პრეპარატი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას და მაშინ წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, თუ ეს პროცესი რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს წინასწარ განჭვრიტა, რომ 2013 წლის ბოლოს ეს პრეპარატი გამოვიდოდა. მე ველოდები, რომ შემდეგი განცხადება  „ნაციონალური“ მოძრაობის რომელიმე წევრის მხრიდან იქნება, თითქოს  ეს მედიკამენტი არა პროფესორმა შინაზემ, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა.

ეს არის ამერიკული პროექტი, აშშ–ის გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული. საქართველო იმიტომ შეარჩიეს საპილოტე პროგრამისთვის,  რომ 2012 წელს საქართველოს ჰქონდა რეგიონში და არა მარტო რეგიონში კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი  ქვეყნის რეპუტაცია, სადაც შექმნილი იყო მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. კარგია, რომ ეს პროექტი ხორციელდება და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“.

იმ ფაქტს, რომ 2013 წელს საქართველოს მთავრობამ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა თხოვნით, დახმარებოდა ელიმინაციის პროგრამის დაწყებისთვის მომზადებაში  ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ადასტურებს 2015 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, განმარტავს სერგეენკო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცე  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეფექტურად განსახორცილებელად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც ქვეყნის მოქმედმა ხელისუფლებამ იზრუნა. მან  პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თავად გადასცა სამედიცინო აპარატურა კლინიკებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მისი შეძენის საშუალება. აშენდა C ჰეპატიტის მართვის ცენტრები თბილისში, მალე გაიხსნება ზუგდიდშიც, სადაც ავადობა ყველაზე მაღალია.  შეიქმნა მოძრავი ამბულატორიები, რომლებიც რეგიონებში მოსახლეობის უფასო სკრინინგს ემსახურება და საშუალებას იძლევა დაავადების  გამოვლენის შემთხვევაში დროული მკურნალობა ჩატარდეს. ორსულთა გეგმიურ გამოკვლევებში სავალდებულო გახდა C ჰეპატიტის სკრინინგი, რის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს.

კომენტარის დატოვება