“ბატიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო”

მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. ის 2012 წლის შემდეგ განათლების სამინისტროს მეხუთე ხელმძღვანელი იყო.

„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს“, – ამ სიტყვებით ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების სფეროში ცვლილებებს გამოეხმაურა.

ბახტაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „სწორედ ამ იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას“.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე.

სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი.

მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც.

ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების – ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“.