ექიმის დაკავებას ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

მინისტრის თქმით რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როცა გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ “ამ საქმის მონაწილეები გააცნობიერებენ, რა სიმძიმის ქმედებასთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ექიმი. ასევე აღდგება ქართველებისთვის და ოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმოსვლა.

„გაფრინდაშვილის დაკავების დღიდან მთავარი პრიორიტეტი უკანონო ტყვეობიდან მისი დახსნაა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე ფორმალური და არაფორმალური არხი ჩართულია. თავისთავად ყველა დაკავება არის უმძიმესი ფაქტი, მით უმეტეს ექიმის, რომელიც თავად მკურნალობს ოსს, აფხაზს და სხვა ეროვნების წარმომადგენელს.

ვიცი, რომ ბევრი ოსისთვის ეს არის ღირსების შემლახველი, რადგან ეს დაცლილია ადამიანის, ჰუმანურობის პრინციპებისგან და რაიმე რაციონალიზმისგან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება უკანონო პატიმრობაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 8 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. ის შაბათს ოკუპანტებმა გაიტაცეს.