“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები პროტესტს გამოხატავენ.

-პროტესტის ნიშნად არ ვესწრები საკრებულოს სხდომებს, სანამ ერთი ადამიანიც კი იდგება ქუჩაში სამართლიანობის მოთხოვნით, ჩემი პროტესტი გაგრძელდება.

უპირველეს ყოვლისა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩალის ფასია საზოგადოების პროტესტი. საზოგადოება ითხოვს ხელისუფლების მიერ დაპირებული შერეული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას პროპორციულით. რომ მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას, ის ასეთია: დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა 23 ივნისს გააკეთა განცხადება მანდატის დატოვების შესახებ, მაგრამ ხელისუფლებამ აღნიშნული ოფიციალურად გააფორმა იმ დროისთვის, როდესაც არჩევნების ჩატარება და ახალი მაჟორიტარის არჩევა აღნიშნული მინიციპალიტეტების მოსახლეობას საარჩევნო კოდექსით აღარ შეეძლო. ისმის ლოგიკური კითხვა- თუ კი ხელისუფლებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია მაჟორიტარი (მე ფეოდალს უფრო მაგონებს) რატომ წაართვა დუშეთს მაჟორიტარის არჩევის შესაძლებლობა? ნათელია, რომ ხელისუფლებისთვის დუშეთი ერთი შავი წერტილია! ამის დადასტურება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იუსტიციის სახლის ნაცვლად, რასაც ვითხოვდით დუშეთის მოსახლეობა ე.წ. ,საზოგადოებრივი ცენტრის” გახსნაა. რასაც ხელისუფლება ნებისმიერ სოფელში ხსნის დუშეთი კი 1801 წლიდან ოფიციალურ წყაროებში ქალაქად მოიხსენიება.  მას შემდეგ არცერთ ხელისუფალს არ უცდია დაეკნინებინა ქალაქის სტატუსი, ამ ხელისუფლებამ კი ეს მოახერხა, იმ დროს როდესაც ყაზბეგში და თიანეთში ფუნქციონირებს იუსტიციის სახლი – დუშეთში კი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რატომ? პასუხი ერთია – ყველაფერი დღესავით ნათელია ქალაქი დუშეთი ხელისუფლებისთვის არაფერს არ წარმოადგენს, მივმართავ თხოვნით თითოეულ დუშელს – არჩევნებზე ჩვენი პასუხიც ადეკვატური იყოს, თუ ხელისუფალს არაფრად მივაჩნივართ, ასვე ვუპასუხოთ ჩვენც!”