სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველოს თავმჯდომარეობა 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს ქალაქ სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საფრანგეთისგან გადაეცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი – ამელი დე მონშალენი გადასცემს.

საგარეო უწყების ცნობით, თავმჯდომარეობის გადაცემის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

უწყება განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, 27 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასამართლოს შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელზეც ქართული ანბანი და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი. შემდეგ კი, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ტრამვაი ქართული ანბანითა და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი სტრასბურგში ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს.

ამასთან, საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ კონცერტი.