ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათელია…

სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მხარეები მიმდინარე პოლიტიკური საკითხებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტებსა და წინადადებებს მოუსმენენ.

„თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და რაციონალური შეთავაზება, ჩვენ მისი განხილვა შეგვიძლია. ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათელია. ჩვენ არანაირი მოდელის შეთავაზების აუცილებლობა არ გვაქვს. შეგვიძლია შევთავაზოთ, დარჩნენ ქუჩაში – პოლიტიკურად ეს ჩვენთვის უფრო მომგებიანია. თუ ისინი დარჩებიან ქუჩაში, ეს მათთვის ყოველდღიური რეგრესია. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.