“ჩვენი პოზიცია კვლავ ურყევია…” – შეხვედრა დასრულდა

სასტუმრო „ბილტმორში“ დასრულდა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, განხილვის მთავარი საგანი ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი და კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობა იყო.

„ამ თემაზე სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ღრმა მსჯელობა შედგა. ჩვენი პოზიცია კვლავ ურყევია – ეს საარჩევნო მოდელი ანტიკონსტიტუციურია და ამ საკითხზე მომავალში დებატები ვეღარ გაიმართება. თუ იქნება სხვა შეთავაზებები, რომელთა შესახებაც უცხოელმა კოლეგებმა გარკვეული მინიშნებები გააკეთეს, და ეს ინიციატივები მოქმედი კონსტიტუციის მოთხოვნებს უპასუხებს, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს და კიდევ ერთხელ განიხილავს ამ წინადადებებს. ისეთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, გერმანული მოდელის სასარგებლოდ ოპოზიციამ ვერ მოიყვანა. იყო წინადადებები ამ მოდელის დასანერგად საჭირო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებაზე, თუმცა ჩვენ ამისთვის საჭირო რესურსს გუნდში ვერ ვხედავთ. თუმცა დიალოგი მნიშვნელოვანია და თუ მომავალში შეხვედრა დაინიშნა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ლელო” უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგში საზოგადოებრივი მოძრაობა “სირცხვილიას” ჩართვას ითხოვს.

https://www.gmtv.ge/67517-2/

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ისინი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არიან.