“მიწა, რომელზეც ორი ერი ვაცხადებთ პრეტენზიას და ვერ ვთანხმდებით, ვისთვის უფრო მშობლიურია იგი…”

როლანა ნიჟარაძე

შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მრჩეველი

27 სექტემბერი – აფხაზეთი … სოხუმი… საქართველოს უახლესი ისტორიის ტკივილიანი ფურცლები… ქალაქის დაცვას შეწირული მებრძოლები, დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა, წარმოსახვაშიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ დედაქალაქის აღებას… მათ ნაწილს სასტიკად გაუსწორდნენ, ნაწილი კი ღვთისნიერმა აფხაზმა მეზობლებმა იხსნეს განსაცდელისგან  და მაინც, რისი თქმა შეძლება 2016 წლის 27 სექტემბერს ისეთის, რაც ჯერ არ თქმულა,რაც ახალია და ოდნავ მაინც დაგვაიმედებს, რომ ქართული გენი კვლავ გაიხარებს სოხუმში, გაგრასა თუ ლესელიძეში. დავკარგეთ კი სამუდამოდ ყველაზე ფასდაუდებელი რამ ყველა ერისა და სახელმწიფოსთვის _ მიწა? მიწა, რომელიც ძვირფასია როგორც ქართველისთვის, ასევე აფხაზისთვის. მიწა, რომელზეც ორი ერი ვაცხადებთ პრეტენზიას და ვერ ვთანხმდებით, ვისთვის უფრო მშობლიურია იგი.

მისთვის ბრძოლას ქართველთა და აფხაზთა ღირსეული წარმომადგენლები შეეწირნენ. 25 ათასი ქართველი და 6 ათასი აფხაზი გახდა ეთნოკონფლიქტის მსხვერპლი. ჩვენ დღემდე ვგლოვობთ ჩვენს მიცვალებულებს. გლოვობენ აფხაზებიც _ 6 ათასი საკმაოდ დიდი ციფრია 80 ათასიანი ერისთვის. შედეგები ფატალური აქვთ დემოგრაფიული კრიზისის სახით. ერთი რამ აქსიომაა _ თუ ჩვენ, ქართველები და და აფხაზები ვერ შევთანხმდით, რომ აფხაზეთის მიწა ორივე ერის კუთვნილებაა და მოვლენები რუსულ დინებას მიჰყვა, 20 –30 წლის შემდეგ აფხაზთა უფლებებს ღიმილის მომგვრელ წარსულის გადმონაშთად მოიგონებენ იქ გამრავლებული უცხოტომელები – სომხები, რუსები, რუსეთიდან გადმოხვეწილი სხადასხვა ეროვნების წარმომადგენლები.

რა თქმა უნდა რუსეთის ფაქტორი…მასზე საუბარს ბევრი გაურბის, რუსეთუმეობა რომ არ მიეკრას იარლიკად. რუსეთს აფხაზეთი ბუფერულ ზონად და სამხედრო ბაზების განსათავსებლად სურს და არა წალკოტად გადასაქცევად. ამას მოწმობს დღევანდელი დაცარიელებული და განადგურებული ოჩამჩირე და ტყვარჩელი. ამ თემას არ განვავრცობ. ისედაც ყველაფერი ნათელია.

რა ვქნათ, ველოდოთ იმ დროს თუ როდის დაინგრევა ბოროტების იმპერია, რომელსაც თავის დროზე ჰიტლერმა ვერაფერი დააკლო და რომელსაც დღეს ამერიკა მისეული მეთოდებით ცდილობს შეურყიოს ძლევამოსილება, თუ ისევ ნაცად დიპლომატიას მივმართოთ – დიპლომატია ხომ გვეხერხება ქართველებს…ამ შემთხვევაში უმაღლესი კლასის დიპლომატები იქნებიან საჭირო.

დილემის წინაშე ვდგავართ ქართველები…

კომენტარის დატოვება