დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ლუკა სირაძისთვის წესის აგება დაბრკოლება არ იქნება

გვანცა გუგულაშვილი

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე facebook-ის საშუალებით აცხადებს, რომ გარდაცვლილ ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე „ არ იქნება დაბრკოლება“.

საეკლესიო წესები კრძალავს თვითმკვლელობის შემთხვევაში წესის აგებას, თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, 15 წლის ლუკა სირაძეს წესს აუგებენ.

მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევამდე „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ადვოკატი ამბობს,რომ მოზარდმა ამ დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა. ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმე იყო. ლუკა სირაძე 17 დეკემბერს 20:10 საათზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი ჩვენების მიცემის იძულებითი ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს .