ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ცნობილია მედიით გავრცელებული ცნობები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განაჩენის შესახებ, რომელიც წელიწადსა და ცხრა თვეს შეადგენს. ეს ინფორმაცია ასევე დადასტურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნული საკომუნიკაციო საშუალება, ანუ ცხელი ხაზი, აქტიურად გამოიყენება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის ექიმის დაკავების პირველივე დღიდან. ამ დროისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზის გააქტიურება მოხდა 85-ჯერ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამავე საშუალების გამოყენებას საქმის ირგვლივ ინფორმაციის შემდგომი გაცვლისთვის და დიალოგის ხელშეწყობისათვის. მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავისუფალი გადაადგილების ნებისმიერი შეზღუდვა და დაკავებები წარმოადგენს შეშფოთების საფუძველს“, – აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

ამ ეტაპზე, მისია არ გეგმავს რაიმე დამატებითი განცხადების გამოცემას.