უზენაესის კანდიდატების შერჩევის წესზე სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს

მარიამ ახალკაცი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ომბუდსმენის კონსტიტუციური სარჩელი, უზენაესის კანდიდატების შერჩევის წესზე. ამასთან, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1). ნინო ლომჯარიას თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციებს.