პასუხისმგებლობა რიგით მოხელეებთან ერთად, ოზურგეთის მაშინდელ გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ეკისრება

მარიამ ახალკაცი

სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულ მოქმედ და ყოფილ მოხელეებს ბრალი წარუდგინეს. საუბარია ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც გამოძიება სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებას ედავება.

ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბრალი უკვე წარუდგინა.

სუს-ი საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. უწყების ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი დაარღვიეს.

საქმე შპს “ხიდმშენს” ეხება, რომელმაც ოზურგეთის სოფლებში, ლაითურსა და დვაბზუში ხიდები ააშენა.

კომისიის წევრებმა შპს-ს მიმართ საბანკო და საავანსო რეგულაციები არ აამოქმედეს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზარალი მიადგა.

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალურ მოძრაობის” ფრაქციაში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა რიგით მოხელეებთან ერთად, ოზურგეთის მაშინდელ გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ეკისრება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი, რომელიც 2014-2017 წლებში, ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის მოადგილე იყო, აცხადებს რომ თანაგუნდელების მიმართ, ბრალის წარდგენა ტელევიზიით გაიგო. გიორგი ღურჭუმელიძე კამერის წინ თანაგუნდელების მიმართ წარდგენილ ბრალზე საუბარს, თავს არიდებს.

ოზურგეთის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მაშინდელი და ახლანდელი თავმჯდომარე იმ დეტალებს განმარტავს, რომელიც დამკვეთს და კომპანიას შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

“კურიერი” ოზურგეთის ყოფილ გამგებელთან დაკავშირებას მთელი დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა. კამერებთან საუბარი არც კომპანია ” ხიდმშენშის ” თანამშრომლებს სურთ.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ