6-თვიანი პროტესტის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები ახალ წელსაც ქუჩაში შეხვდნენ

მარიამ ახალკაცი

6-თვიანი პროტესტის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები ახალ წელსაც ქუჩაში შეხვდნენ. ისინი პარლამენტის შენობასთან შვილმკვდარი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელთა კარვებიც მერიის დავალებით აყარეს

დაახლოებით 24 საათის წინ, გვიან ღამით კარვების დაშლის გარდა, რუსთაველის გამზირიდან წაიღეს აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, “გახარიას ბიუსტი” და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა. უწყების განცხადებით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მოძრაობა #სირცხვილიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე. აქტივისტებმა განვითარებული მოვლენების შემდეგ 31 დეკემბერს, 10 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მხარდასაჭერად აქცია დაგეგმეს.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.