20 ივნისს დაკავებულების საქმეზე შსს-ს 3 თანამშრომელი დაიკითხება

მარიამ ახალკაცი

20 ივნისის საქმეზე და პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ პირების საქმეზე, სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 3 თანამშრომელი დაიკითხება.  ამ ეტაპისთვის 23 მოწმეა გამოკითხული და ყველა მათგანი სამართალდამცველია. დაცვის მხარის მტკიცებით, არც ერთ მათგანს, დაკავებულებთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

დაკავებულებს, ბესიკ თამლიანის დედა, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას პირად მძევლებს უწოდებს.

“23 მოწმე დაიკითხა, არც ერთს შემხებლობა არ აქვს არც ერთ პატიმართან. პატიმრები კი არა, ესენი მძევლები არიან ივანიშვილ-გახარიასი. ამ 23 მოწმიდან, ექვსს თურმე მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი უცებ, როცა ჟურნალისტები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ და 34 ჟურნალისტია იმ ღამეს დაზარალებული და არც ერთს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – აცხადებს ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი.

ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს კიდევ ერთი დაკავებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედა.

„ხელისუფლება, რომელიც უნდა მიცავდეს, რომელიც ჩვეულებრივ ჩემნაირ ოჯახს ხელისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს და მე მას უნდა ვეყრდნობოდე, ხელისუფლება მებრძვის მე, მანადგურებს და სივრცეც აღარ დამიტოვა. ჟანგბადი აღარ არსებობს ჩემთვის, როცა შვილებს ებრძვიან,“ – ამბობს მაგული გობეჯიშვილი.

საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი. მისი თქმით, არც ერთი გამოკითხული მოწმე, დაკავებულების შესახებ რაიმე ინფორმაციას არ იცნობს.

„ორი მოწმე დაიკითხება, ორივე იქნება პოლიციელი, თუმცა ბევრი არაფრის მომცემია ეს მოწმეები, ისევე როგორც წინა პროცესებზე და იმთავითვე მინდა განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით განპირობებული პროცესი. უშუალოდ დაკავებულებთან, ამ ეტაპზე დაკითხული არც ერთი მოწმე არ იცნობს რაიმე ინფორმაციას,“ – განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა