დიდი ბრიტანეთის ელჩი აქციების დროს დააკავეს

მარიამ ახალკაცი 

თეირანში ანტისამთავრობო აქციის დროს ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რობ მაკაირი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ელჩი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საფუძვლებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე ელჩის დაპატიმრება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

გუშინ, 11 იანვარს, მას შემდეგ, რაც ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი 176 მგზავრით შეცდომით ჩამოაგდეს, თეირანში ანტისახელისუფლებო აქცია დაიგეგმა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლა დაიწყო.

ირანმა გუშინ, 11 იანვარს, ოთხდიღანი დაგვიანებით აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ადამიანური შეცდომით ჩამოაგდეს, რაც ამერიკის ავანტიურიზმმა გამოიწვია. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, უკრაინული თვითმფრინავი “მგრძნობიარე” და “კრიტიკულ” ვითარებაში გაფრინდა და მიუახლოვდა სამხედრო წერტილს.

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.