მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა

მარიამ ახალკაცი 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული სპეცრაზმელების, ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მათი თქმით, საქმეში მონაწილე პირები დაგვიანებით და ფორმალურად გამოკითხეს. ამის შესახებ EMC განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოძიების მიერ მოპოვებულ ყველა საქმის მასალას გაეცნო.

“არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ”, — წერია EMC-ს განცხადებაში.

 

არასამთავრობო აღნიშნავს, რომ სპეცრაზმელებს არ დაუსვეს კითხვები და არ დააზუსტეს შემდეგი გარემოებები:

  • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაეაქტიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;
  • პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;
  • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.
  • რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

EMC-ს შეფასებით, მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია. მათი თქმით, გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.