“სამწუხაროდ, ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა…”

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში.  

-“საქართველოს მხრიდან აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი ვალდებულებაა გაიზარდოს ქალთა წარმომადგნელობა პარლამენტში.

“ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ” გაეროს კომიტეტის  2014 წლის რეკომენდაციის შინაარსიც ამის დასტურია-საქართველომ შემდეგი ორი წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველომაც გენდერული კვოტირების ფორმა უნდა გამოიყენოს და გენდერული დისბალანსის შემცირებასა და პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას შეუწყოს ხელი.

სამწუხაროდ, ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათი ძირითადი არგუმენტი ემყარებოდა მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ამ ფორმით მოსულ ქალბატონებს არ ექნებოდათ შესაბამისი პოლიტიკური უნარ-ჩვევები და ბევრ გამოცდილ და საჭირო კადრს (მამაკაცის სახით) დაჩრდილავდნენ.

ვსვამ კითხვას – დღეს პარლამენტში რამდენი მამაკაცია, რომლებიც მოლოდინის მიუხედავად დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან?

იქნებ არიან ისეთებიც ,რომლებსაც ჯერ ხმაც კი არ ამოუღიათ?

თუ პარლამენტის წევრი “მდუმარედ” უნდა იჯდეს მაშინ რატომ არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი ქალებს, რომლებიც პარლამენტს ვიზუალურად მაინც გაალამაზებენ? საქართველოს მოსახლეობის 54% ქალია, ქალები საკამოდ აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში, მაგალითად: რომელიმე თქვენგანს ახსენდება წარსული ან დღევანდელი რეალობიდან მამაკაცი, რომელიც წინასაარჩევნო გამოკითხვის ჩასატარებლად კარდაკარ დადის და შეისწავლის ერთიან სურათს? მე არა.

ანუ ვაღიარებთ, რომ ამ “შავ” საქმეს და შიდაპარტიულ ბევრ “შავ” საქმეს ქალბატონები იღებენ საკუთარ თავზე და სრული პასუხისმგებლობით ასრულებენ.

აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კი (თან თუ ეს არაფორმალურ) გარემოში ხდება, ქალბატონებს ეუბნებიან, რომ არ იყო იქ მათთვის შესაფერისი გარემო, რომ “ჩისტაკაცური” საუბარი შედგა.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემყარება ერთადერთ მახინჯ შეხედულებას, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში, რომ მას არ შესწევს ძალა იყოს აქტიური და ძლიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თუ დავაკვირდებით საზოგადოებაში ქალი კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებს, ძირითადად ინტერესდებიან მისი ოჯახური მდგომარეობით, შვილების რაოდენობით და იშვიათად მისი განათლებითა და ხედვით.

ხშირად ფსიქოლოგიურად ძალადობენ მეუღლეზე, რათა დაარწმუნოს და გაადაფიქრებინოს მას ამ “ბინძურ” საქმეში მონაწილეობის მიღება.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქალს მამაკაცთან შდარებით მეტ მოთხოვნებს უწესებენ და ამ ბარიერების გადალახვას ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან ჭიდილით ცდილობს.

ვფიქრობ, დროა გავიაზროთ და ფართოდ გავახილოთ თვალები, დავინახოთ, რომ დიდი ხანია ქალმა თავისთავზე აიღო ის ერთი მძიმე ვალდებულებები, როგორიცაა ოჯახის რჩენა, მარტოხელა დედების შემთხვევაში მათი თავდაუზოგავი შრომა, შვილებისათვის მომავლის შექმნა, იგივე არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტებულია მებრძოლი, განათლებული ქალბატონებით, რომლებმაც წამოწიეს, ჩვენამდე მოიტანეს და განსჯისა და საუბრის საგანი გახადეს აღნიშნული თემები.

ჩემთვის საამაყოა, რომ თბილისის ტრაგედიის დროს ახალგაზრდა თაობა ერთიანი საქმის საკეთებლად, ერთმანეთის გადასარჩენად არ დაყოფილა ქალებად და მამაკაცებად!

მითხარით, იქ ვინ ეუბნებოდა ქალს, რომ არ ეთრია მძიმე ნაშალი მასალა, არ გაეტანა მიწა და სახლში წასულიყო?!

არა, ახალ თაობას შესწევს უნარი იმოქმედოს გააზრებულად, ერთად, ერთმანეთისთვის და მე მჯერა, მალე დადგება დრო, როცა ასეთივე შემართებითა და გააზრებით მივიღებთ ერთიან გადაწყვეტილებებს საოჯახო თუ ქვეყნისათვის საკეთილდღეო საქმისთვის.

 

 

კომენტარის დატოვება