საქართველო აფასებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დისკუსიის გააქტიურებას

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება, რომლის ორგანიზებაც ითავა ფონდმა, რომელიც ატარებს ალექსანდრე რონდელის სახელს – არაჩვეულებრივი ადამიანისას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საფუძვლის ჩაყრაში – შედეგად, მივიღეთ ცენტრი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის მიზნით განუწყვეტლივ ქმნის ახალ ინტელექტუალურ ძალას. ამდენად, დიდ მადლობას გიხდით ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო STRATPOL-სა და Visegradის საერთაშორისო ფონდს ამ უსაფრთხოების ფორუმის ხელშეწყობისათვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა გახდა. ის თავს უყრის რეგიონისა და საერთაშორისო ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არამხოლოდ ჩვენი რეგიონისათვის, არამედ უფრო გლობალური თვალსაზრისითაც გამოწვევებით სავსე ხანაა და აქ თავმოყრილ შესანიშნავ საზოგადოებასთან ერთად შევეცდები არსებულ გამოწვევებზე ვიმსჯელო”,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო აფასებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დისკუსიის გააქტიურებას.

“უკანასკნელი მოვლენები ცხადხყოფენ ერთიანი სტრატეგიული ხედვისა და უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმების არსებობის საჭიროებას ევროპული და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, საქართველოს მიერ თავისი მოკლე ისტორიის მანძილზე გამოცდილი მღელვარების მიუხედავად ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში – მან გაუძლო ბევრ დარტყმას – ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით. ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ – გასული ოცდახუთი წლის მანძილზე საქართველო სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდაიქმნა.

“ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა ევროკავშირთან და ნატო-სთან მიერთება – ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის დემოკრატიის, უსაფრთოების, მშვიდობისა და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია. დადგა დრო, დავადასტუროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს შორის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რეგიონალურ უსაფრთოებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-ს დღის წესრიგს, სხვა საკითხებთან ერთად, უნივერსალურად უმნიშვნელოვანესი საკითხი – შავი ზღვის უსაფრთხოებაც დაემატა. საქართველო, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, ერთგულია მიზნისა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში”,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს რომ შავი ზღვა ეკონომიკური თანამშრომლობის ზონად გარდაიქმნას და ამ ეტაპზე, საქართველო დასავლელი პარტნიორების დახმარებით ანაკლიის პორტს აშენებს.

“ისინი საქართველოს სხვა კუთხით უყურებენ და თვლიან, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დარჩეს სტაბილურობის კუძულად. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში ინვესტირების ნათელი მაგალითი. ეს აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტიცაა, რადგან აბრეშუმის გზა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას სრულად შეცვლის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შესაძლებლობით, მონაწილეობა მივიღოთ რეგიონალურ და გლობალურ პროგრამებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის სასიკეთოა.
ახალი აბრეშუმის გზა არა მარტო მატარებლებს ან გემებს ან კილომეტრებს და მილებს ეხება. ეს თანამშრომლობის ღერძია, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, რადგან აქვს ყველა მონაცემი, მიაღწიოს მდგრად წესრიგს. უფრო მეტიც, საქართველოში ტექნიკა პროგრამულ აღჭურვილობას ხვდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ევროკავშირთან DCFTA გავაფორმეთ, რამაც 500 მილიონიან ერთიან ბაზარზე წვდომა გაგვიხსნა. ჩვენ ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთს ბაზრებსაც ვუკავშირდებით. ამ კუთხით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ამასთან, სავაჭრო ხელშეკრულებებით, გვეძლევა ნორმატიული წვდომაც”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები და საქართველო გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.

“ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და გენერალიზებული პრეფერენციის სისტემის (GSP) რეჟიმები აშშ-ს, კანადას, იაპონიასთან. ვგეგმავთ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ ინდოეთთან. ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადების, ჩვენი სტრატეგიული განლაგების, ბიზნესის კეთების კუთხით განსაკუთრებულ გარემოს წყალობით, საქართველო რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების მოწინავე ხაზზეა. მიუხედავად ამისა, ეს რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის მხოლოს ერთი ნაწილია. განსხვავებულ პრიზმაში ვგულისხმობ გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პრონციპების მიმართ. სწორედ ასე მცირდება რისკები და ასე ვუპირისპირდებით საგარეო საფრთხეებს”,- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო ასევე გამჭვირვალე და სანდო პარტნიორია სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის სხვა გლობალურ პროექტებშიც, რომელთა შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო პროექტის ინიციატივებიც მოიაზრება.

“საქართველო ჩვენი რეგიონის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო ინტერესის გზაგასაყარზეა. სწორედ ეს გვაქცევს სანდო პარტნიორად ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორებისათვის, რომელთან ერთად უსაფრთხოების სისტემებს ვაშენებთ. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ მე ვაანალიზებ ჩვენი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. საქართველო რეგიონსა და ამ სისტემაში დასავლეთი ინტერესების მთავარი დასაყრდნობია. ამავდროულად, ჩვენ მოწადინებული ვართ, უზრუნველვყოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენს აღმოსავლეთ და სამხრეთით განლაგებული ქვეყნების წარმატებაში. სწორედ ამ განწყობით ვუყურებთ რეგიონალურ დიალოგსა და კოორდინაციას – რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, ჩვენ ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბუფერულ ზონას წარმოვადგენთ”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აზრით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რეგიონალური პრობლემების მოგვარებას და გაუმკლავდნენ უარყოფით ფაქტორებს.

“საქართველოში, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშრებთ, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და მდიდარი რეგიონი და მოვუწოდებთ ჩვენს მეზობლებს, ამ მიზნის მიღწევაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი იქნება უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ახალი იდეების გენერირების კუთხით”,- აღნიშნა პრემიერმა.