ანაკლია, მოთამაშეები და ვაჭრობა გეოპოლიტიკური უპირატესობით…

ოთარ ფანცულაია

ეკონომისტი

ანაკლია რთული გეოპოლიტიკური არენაა, სწორედ იქ წყდება საქართველოს განვითარების ვექტორის საკითხი მინიმუმ ერთი საუკუნით. ანაკლია წარმოადგენს ჩინური პროექტის “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ნაწილს, ამდენად პირველ რიგში სწორედ ჩინეთია დაინტერესებული ქართული პორტის ფლობაში – ეს მას საშუალებას მისცემს ევროპამდე მისასვლელი გზა თავად აკონტროლოს. ამ შემთხვევაში ის ხდება რეგიონში გეოკონომიკური მონოპოლისტი, შესაბამისად პროექტის რუსული ნაწილი მნიშვნელობით ავტომატურად მეორე პლანზე ინაცვლებს.

თამაშის მეორე მსხვილი აქტორი რუსეთია, თავისი გეოპოლიტიკური და სამხედრო გავლენით რეგიონზე. თუკი ანაკლია მის მფლობელობაში გადავა, რუსეთის ხელში აღმოჩნდება აბრეშუმის გზის მთელი პერიმეტრის კონტროლი, რაც ერთიორად გააძლიერებს მის გავლენას არამხოლოდ ჩინეთზე, არამედ ევროპაზეც, რეგიონიდან ფაქტობრივად გააძევებს აშშ-ს, ხოლო საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად სრულიად მისი გავლენის ქვეშ მოექცევა.

მესამე მსხვილი აქტორი აშშ-ა. მისი ამოცანაა ზემოთ ჩამოთვლილი ჩინური და რუსული გავენების განეიტრალება. ანაკლიის დაუფლება მისთვის ყოველმხრივ უპრინციპულლესი საკითხია, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ აშშ ჰკარგავს ანაკლიას, ის ჰკარგავს რეგიონს და მის მოკავშირედ რჩება მხოლოდ არასტაბილური თურქეთი (რომელიც პროექტიდან თავის კუთვნილ ლუკმას აუცილებლად მიიღებს და ვიდრე მიიღებს, მას მოუწევს ტრადიციულად ხისტი პოლიტიკური პოზიციების მნიშვნელოვნად შერბილება, ზოგ შემთხვევაში დათმობებზე წასვლაც).

ანაკლიის მიმართ თავისი ინტერესები აქვთ სხვა დიდ მოთამაშეებსაც (მაგალითად იაპონია, ევროკავშირი), თუმცა ალბათ თავადაც კარგად ხვდებიან რომ ბევრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

წმინდა წყლის მემარჯვენე პლატფორმა ანაკლიის საკითხს უფრო მარტივად და სამართლიანად გადაწყვეტდა – ანაკლიის აქციები კერძო საკუთრებაში გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო მსხვილ მოთამაშეებს სწორედ მათგან მოუწევდათ მაღალ ფასში აქციების შესყიდვა, რაც სახეირო იქნებოდა მოქალაქეებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, მთლიანობაში აქციების რეალიზაციით ამონაგები რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს მიაღწევდა. თუმცა სოციალიზმი, რომელშიც ამჟამად საქართველო იმყოფება, ასეთ ვერსიას არ სცნობს..
საბოლოო ჯამში ანაკლია გასხვისდება, თანაც მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით ბევრად უფრო იაფად და ქვეყნის მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ხეირის გარეშე…

პროექტი დაახლოებით ერთი ტრლნ დოლარამდე ჯდება, აქედან საქართველოს მონაკვეთის დასრულება დაახლოებით 5 მლრდ დოლარის ინვესტიციას მოითხოვს.

შეძლებს კი საქართველოს ხელისუფლება გონივრულად ივაჭროს თავისი გეოპოლიტიკური უპირატესობით?
ეს უკვე მარჩიელობის სფეროა, იმედი კი, როგორც ვიცით, სულ ბოლოს კვდება