ბაღების სააგენტო მშობლებს მიმართავს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, დედაქალაქის ბაღებში ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომის შემთხვევაში არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. გვანცელაძე განახლებულ სააღმზრდელო პროცესს სამგორის რაიონში, N160 ბაგა-ბაღში გაეცნო.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექცია და გენერალური დასუფთავების სამუშაოები ორი დღის წინ დასრულდა.

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო”, – განაცხადა გვანცელაძემ.

გარდა ამისა, ბაღის შენობებში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ.