1 ოქტომბერს თბილისში ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება

1 ოქტომბერს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ  ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, კომაპნია  ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქ. თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს,  ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.

მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, კოსტავას ქუჩის და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობა დასრულდება რუსთაველის გამზირზე, 1 კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსვლელობის განმავლობაში მოხდება ბეჭდვური და ზეპირი ინფორმაციის გავრცელება ძუძუს კიბოს რისკების და მონიტორინგის მეთოდების შესახებ.

მსვლელობის აქტიური ნაწილის შემდეგ მსურველებს  საშუალება ექნებათ გაიარონ ექიმის უფასო კონსულტაცია და ჩაიტარონ უფასო ექოსკოპიური და მამოგრაფიული კვლევები  N 1 კლასიკური გიმნაზიის ტერიტორიაზე. სკოლის ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყობა გასართობი ღონისძიებები უფროსებისათვისა და ბავშვებისთვის. მსვლელობა დასრულდება კონცერტით.

კომენტარის დატოვება