“ნარკორეალიზატორების მიმართ არსებული პოლიტიკა გადასახედია”

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკა, რასაც პროკურატურა ამ დანაშაულებების მიმართ ახორციელებს, არის მაქსიმალურად გადასახედი და  ამ მიმართულებით არის გარკვეული შესწორებები შესატანი სისხლის სამართლებრივ სისტემაში.

„ადამიანი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას ნარკოტიკების მოხმარებით აყენებს ზიანს, არ უნდა ჩაჯდეს ციხეში, რადგან ეს  არ იქნება სარგებლის მომტანი საზოგადოებისთვის. თუმცა, გასამკაცრებელია პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ“, – აღნიშნა შოთაძემ.

მისივე განცხადებით, ყოველდღიურად უფრო რთულდება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა.

„ვხედავთ, რომ სხვადასხვა ელექტრონული აპლიკაციების საშუალებებით ისე, რომ დამნაშავეები საერთოდ არ ჩანან, ხდება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია. რაც ართულებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას.  რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კომპლექსური მიდგომა და სერიოზული მუშაობაა საჭირო. მათ მიმართ უნდა განხორციელდეს უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა. არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, თუ არ იქნება ბრალდებული პირების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა, არ უნდა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და მათ არ უნდა განესაზღვროთ მინიმალურ სასჯელზე ნაკლები სასჯელი“, – განაცხადა შოთაძემ.