ენმ-ს სამი ცნობილი სახე ტოვებს

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ.

ისინი აცხადებენ, რომ არ აპრებენ სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას და შესაბამისად არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე 2 წელია რაც ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და ჩვენს კოლეგებთან ერთად მთლიანად ჩართული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე.  ცენტრისა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს.

ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე.“ – ნათქვამია განცხადებაში.