აშშ-ს საელჩომ თელავის ანსამბლს ვიზაზე უარი უთხრა

საქართველოში აშშ-ს საელჩომ თელავის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ჰოლივუდში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვიზაზე უარი  უთხრა.

“მუხამბაზის”  სამხატვრო ხელმძღვანელის, ლელა ხუციშვილისთვის  უარის მიზეზი გაუგებარია.

“შესარჩევ ტურში გავიმარჯვეთ, ამხელა შრომა გავწიეთ, უკვე ნომრებს ვამზადებდით და  ასეთი დარტყმა მივიღეთ. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია.  ამერიკის კონსულმა საუკეთესო მასპინძლის წოდებაც კი მომანიჭა, რადგან რამდენიმე ამერიკულ ოჯახთან ვმეგობრობ.  ყველა სახელმწიფი უწყებას მივმართავ, დაგვეხმარონ.”- აცხადებს ხუციშვილი.

სახელმწიფო უწყებების საქმეში ჩართვას ითხოვენ ანსამბლის წევრების მშობლებიც.

“აღარ ვლაპარაკობთ თანხებზე, რაც საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დავხარჯეთ, ბავშვებმა იმდენი იშრომეს და ყველაფერი წყალში ჩაეყარათ, ყველა უწყება უნდა დაგვეხმაროს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა შევძლოთ”.- გულისწყრომას ვერ მალავენ მშობლები.

მომხდარი ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება უკვე გაგზავნა დამფუძნებელმა, ასევე აპირებენ თხოვნით მიმართონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსაც.

ქორეოგრაფიული ანსამბლების მსოფლიო ჩემპიონატი “მსოფლიოს ვარსკვლავები” 24 ივლისს კალიფორნიაში ტარდება.  მასში 70 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის საგზური “მუხამბაზმა” 7 დეკემბერს, თბილისში გამართულ შესარჩევ ტურში მოიპოვა, ბილეთები კი 22 ივლისისთვის ჰქონდათ დაჯავშნული.