„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში აისახოს…”

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა და საკრებულოს წევრებმა ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ  მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობა  სხვადასხვა სფეროებში წარიმართება, რომლებიც კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, კულტურული მარშრუტების შექმნაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართვას, არსებული კულტურული მარშრუტების განვითარებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა,  მემორანდუმის მიზანი ევროსაბჭოს ევროპული კულტურული მარშრუტების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართვაა.

„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა  საქართველოს ყველა რეგიონში აისახოს. მემორანდუმი მნიშვნელოვანია ასევე თბილისის, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული და კულტურული მიმართულების ცნობადობის  გაზრდისთვის,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში, ეროვნულ დონეზე კოორდინაციას განათლების სამინისტრო გაუწევს და მისი ხელშეწყობისთვის აქტიურ კამპანიას განახორციელებს. ორი წლის წინ მიღწეული გადაწყვეტილებით კი, 2021 წელს ევროპული კულტურული მარშრუტების ფორუმი საქართველოში ჩატარდება.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თამარ ტალიაშვილი და ბექა დავითულიანი დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ანდრეს კნაპეს შეხვდნენ. შეხვედრაზე  განხორციელებული რეფორმების შესახებ თვითმმართველობის მიმართულებებსა და მემორანდუმით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრეს.