ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის სახით გუშინ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, ის დღესაც საზოგადოებრივად საშიშია

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშაულები, ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია არის საზოგადოებრივად საშიში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე საზოგადოებამ ყოფილი დიქტატორი იხილა.

„გამოვეხმაურები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილებოდა მისი მორიგი სისხლის სამართლის საქმე. გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა“. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშაულები, ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია არის საზოგადოებრივად საშიში. ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდებოდა, მაგრამ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის თეორიული დაშვება. ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში.